კობა ხაბაზი: უნდა ვაღიარო, რომ ჩანაწერებში ჩემზეა საუბარი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი უკრაინული საიტის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. ხაბაზი აღიარებს, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მასზეა საუბარი, რადგან კობა დავითაშვილისთვის გაუჭირდება დაბრალება.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან “თავისუფალი ზონა” იყო მობილიზებული და ეს ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ კამერებშიც არის ასახული.
“საქართველოს სახელოვანმა სუს-მა და კრემლმა აღარ დამიტოვა არჩევანი და უნდა ვაღიარო, რომ ჩემზეა საუბარი, რადგან კობა დავითაშვილზე ცოტა გამიჭირდება ამის დაბრალება. ნამდვილად გვყავდა მობილიზებული თავისუფალი ხალხი, ნამდვილად ვიყავით ტელეკომპანიასთან, ნამდვილად ვიქნებით ტელეკომპანიასთან და ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია ჩატარდება. ეს არის დანაშაულებრივი ხელისუფლება. ისინი არიან პუტინის და კრემლის მონები, რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას და რომლებმაც შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე მიიყვანონ. მსურს, რომ აქვე ვარ, ნუღარ მაწვალებენ და ბარემ შემიყვანონ”, – განუცხადა ე.წ. მოდულის შენობასთან კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ამ ჩანაწერებში საუბარია ალბათ “თავისუფალ ზონაზე”, რაც აღმოჩენა ნამდვილად არ არის. “მათ მიერ დამონტაჟებულ კამერებში ჩანს, რომ ჩვენ იქ ვიყავით”, – განაცხადა კობა ხაბაზმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულ საიტზე ისევ გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერები მიხეილ სააკაშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გივი თარგამაძეს შორის. აქციებზე ხალხის მობილიზების კონტექსტში ისინი კობას ახსენებენ, თუმცა გვარი დაკონკრეტებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები