თავდაცვის მინისტრი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თნა ხიდასშელმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ელჩებს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ექვს ელჩთან თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ეუთოსთან თანამშრომლობა და არსებული პროექტები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იგეგმება “ვენის დოკუმენტისა“ და ეუთოს „ღია ცის“ ხელშეკრულების გადახედვა. ელჩები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებითა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე მისი გავლენით დაინტერესდნენ.
კანადის, ლიტვის, რუმინეთის, შვედეთის, ამერიკისა და ლატვიის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზეც ისაუბრეს. ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, არსებული გამოწვევები და საქართველოს მიმართ წარმოებულ რუსეთის პოლიტიკა განიხილეს.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნატოს ვარშავის სამიტის მიმართ საქართველოში დიდი მოლოდინი არსებობს, თავდაცვის სამინისტრო კი, თავის მხრივ, აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს.
თავდაცვის მინისტრისა და ეუთოს წარმომადგენლების შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაესწრო. ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ელჩები საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.