შუალედურ არჩევნებს მარტვილსა და საგარეჯოში CDD 30-კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება

პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 30-კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვას და შედეგების შეჯამებას. მათივე ინფორმაციით, მისია ასევე დააკვირდება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანს – (№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის №50 საარჩევნო უბანი – დაბა მუხროვანი).
“11:00 საათისათვის, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, მიღებული ბიულეტენების არასწორი რაოდენობის გამოცხადება, ბიულეტენების წინასწარი გამზადება, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება, მარკირების აპარატის გაუმართაობა, აგიტაციის ფაქტი საარჩევნო უბანზე, აღნიშნული ხარვეზების უმეტესობა საგარეჯოს საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე დაფიქსირდა.
სამწუხაროდ, კვლავაც აქტუალურია ე.წ. “კოორდინატორების” მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც “ჟურნალში” კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებენ. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა კვლავაც შესამჩნევია, როგორც საგარეჯოს ასევე მარტვილის ოლქში”, – აცხადებენ CDD-ში.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.
“გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება საარჩევნო აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ CDD-ის სათაო ოფისში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (790 333 111), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევების შესახებ.
CDD-ის დამკვირვებლები ადგილზე მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დღის განმავლობაში, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები