„ეს წერილი არ წამიკითხავს და რაც მთავარია, ხელი არ მომიწერია“

„საერთო გაზეთში“ 28 ოქტომბერს მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფის სახელით გამოქვეყნებულ კოლექტიურ წერილს – „ქართველი მწერლები პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ“, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი გამოეხმაურა. მან აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ წერილზე მისი გვარიც იყო მოწერილი.
„კვირა“ გაესაუბრა პოეტს. გთავაზობთ თემურ ჩალაბაშვილის პოზიციას ამ ფაქტის გამო.

– როგორ მოხვდა თქვენი ხელმოწერა ამ წერილზე?
– როდესაც „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა კოლექტიური წერილი, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილის, ასე ვთქვათ, ე.წ. გადაყენებას, ძალიან გამიკვირდა. წერილის არსებობა კი მამცნო პოეტმა კობა არაბულმა, მაგრამ მე ეს წერილი არ წამიკითხავს და რაც მთავარია, ხელი არ მომიწერია.
მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ… იქ ჩემი მეგობარი გურამ პეტრიაშვილი აწერდა ხელს და, მინდა გითხრათ, რომ იქ ხელმომწერი თითოეული მწერლის ცალ-ცალკე პატივისმცემელიც გახლავართ, მაგრამ კოლექტიური წერილებისთვის ხელი არასოდეს მომიწერია. ნეკროლოგებზეც კი მიჭირს ხელის მოწერა. იმის გამო, რომ მე ეროვნული მოძრაობიდან დღემდე საკუთარი აზრის გამოთქმას ვერავინ ამიკრძალავს, ჩემი პირადი წერილი შეიძლება უფრო მკვახეც კი იყოს, მაგრამ ჩემი პირადი წერილი ერქმევა.
ერთიც მინდა ვთქვა, ვინც მარგველაშვილი ხელჩაკიდებული მოიყვანა, მანვე წაიყვანოს, ეგ რა ჩემი გასარჩევია. ჩემს მკითხველს, ჩემდა უნებლიეთ ბოდიშს ვუხდი.
29 ოქტომბერს „მაესტროს“ ფაქტორის“ ეთერით უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ გადაიდო სააკაშვილი-გვარამიას აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების გამო. ამიტომ ჩემი აზრის მაშინვე გამოხატვის საშუალება არ მომეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები