„დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას“
დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა. პრეზიდენტი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევა არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლაა და ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა, ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას. არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ, მიწევს გავიმეორო, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას. შევახსენებ პოლიტიკოსებს, რომ ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი ღირებულებაა, შეუძლებელი და დაუშვებელია ამით თამაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.