ირაკლი სესიაშვილი: ვინც არ უნდა შეფუთოს, რომ სიტყვა “ბოევიკი” კუნთმაგარ ბიჭებს ნიშნავს, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა

ვინც არ უნდა შეფუთოს, რომ სიტყვა “ბოევიკი” კუნთმაგარ ბიჭებს ნიშნავს, ეს “თვალებში ნაცრის” შეყრაა – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილის აზრით, “ბოევიკები”, რომელთა თაობაზეც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან საუბრობს, სავარაუდოდ, ძალოვანი ორგანოებიდან გაშვებული თანამშრომლები არიან.
“ვინც არ უნდა შეფუთოს, რომ სიტყვა “ბოევიკი” კუნთმაგარ ბიჭებს ნიშნავს, ეს “თვალებში ნაცრის” შეყრაა. ჩვენ “ნაციონალური მოძრაობისგან” ინფორმაციის თავისებურ გაყიდვას შეჩვეული ვართ. რეალობა არის ის, რომ თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავდა შემსრულებლები. ეს შემსრულებლები თავს იჩენდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების დროს: არბევდნენ მოსახლეობას, მომიტინგეებს, ასრულებდნენ შავბნელ დავალებებს. ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, ბევრი მათგანი სამსახურიდან გავყარეთ. სამწუხაროდ, ხშირად გვესმის, რომ ესა თუ ის მოძალადე ისევ სახელმწიფო სამსახურში მუშაობს.
შესაძლებელია ეს ასეც იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 90-95 პროცენტი ჩვენ გავყარეთ და თუ ერთეულები არიან დარჩენილნი, არც იმათ დავინდობთ, თუმცა ეს სამართლიანად უნდა მოხდეს და იქ, სადაც ეს დასტურდება, ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს. ე.წ. ზონდერები გიგი უგულავამ შეიფარა, თბილისის მერიაში უსაფრთხოების სამსახური რომ შექმნა. ეს ადამიანები დღეს “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო არიან შემოკრებილი – ზოგი სხვადასხვა სატელიტორგანიზაციაშია და ზოგი, როგორც ჩანს, ამ გეგმების შემუშავებაში მონაწილეობს. ეს ადამიანები არსებობენ და თუ რაიმეს დააშავებენ, მხოლოდ მაშინ გვექნება რეაგირება. მათი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის მსხვერპლია და ვის როდის მიეცემა ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრების შანსი, ეს მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები