ბექა ნაცვლიშვილმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა, რომელიც პრეზენტაციის სახით საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
დეპუტატის განცხადებით, 2014 წლის ოქტომბრიდან დღემდე კომისიამ 53 სხდომა გამართა, რომელზეც კომისიის წევრებმა 4200-ზე მეტი საკითხი განიხილეს.
განხილვის პროცესს დეპუტატებისა და კომპეტენტურ უწყებათა წარმომადგენელების გარდა, უშუალოდ წერილებისა და განცხადებების შემომტანი პირებიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია კომისიის მიერ ახალი კანონპროექტის შემუშავების ფაქტი, რომლის თანახმადაც, მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები გამარტივდა. ბექა ნაცვლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული ცვლილების მიზანი განუმარტა და აღნიშნა, რომ ახალ კანონში შესული ცვლილება, პირველ რიგში, ვადის გაზრდას და მართლზომიერი მფლობელობის უფლების აღიარებას გულისხმობს.
„უფრო კონკრეტულად, დაკავებული მიწის დასაკანონებელი წელი უკვე არა 2007, არამედ 2011 წლამდე განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ გაწეული შრომა, ორიენტირებული იყო უფრო მეტი მოქალაქის ინტერესის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი“-განაცხადა დეპუტატმა.
სამაჟორიტარო საქმიანობის თვალსაზრისით, დეპუტატის ბიურომ საქმიანობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო, სადაც ბიუროს ხელმძღვანელისა და თანამშრომლების ორგანიზებით, მოქალაქეთა მიღება ყოველდღიურად წარმოებს. რაც შეეხება შემოსულ განცხადებებს, მათზე რეაგირებას დეპუტატი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კრწანისის რაიონში დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე დახმარება 8200-მდე ბენეფიციარს გაეწია. კერძოდ, სამედიცინო გამოკვლელვა, ოპერაცია და მედიკამენტები დაუფინანსდა 4000-მდე, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 800-მდე და ბინის ქირით უზრუნველყოფილ იქნა 120-მდე კრწანისელი. ასევე, განხორციელდა მოქალაქეთა დაკრძალვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სოციალური ტიპის დახმარებები.
„ჩემთვის, როგორც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსა და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისათვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია ის მანდატი, რომელიც ჩემმა თანამოქალაქეებმა მომანიჭეს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი საქმიანობისა თუ ღონისძიების დაგეგმვისას, პირველ რიგში, მათ ინტერესებს ვითვალისწინებ. ჩემი ინიციატივით, სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა საზოგადოებრივი სათათბირო, რომელიც რაიონის მაცხოვრებლებსა და ბიუროს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას და მუდმივ კოორდინაციას უზრუნველყოფს“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატის მიერ ასევე საფუძველი ჩაეყარა და განხორციელდა გზების მშენებლობა, გაფართოვდა სასაფლაოს ტერიტორია, გაზიფიცირდა დევნილებით კომპაქტურად დასახლებული კორპუსი და 130-მდე სხვა აბონენტი, რაიონში მდებარე ეკლესიების სარემონტო სამუშაოებისათვის გამოიყო თანხები, კეთილმოეწყო სტადიონები და დასასვენებელი სკვერები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო კუთხეებს, განხორციელდა საყრდენი კედლების, კიბეებისა და მოაჯირების მოწყობა, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეკეთდა საცხოვრებელი სახლების ბრტყელი სახურავები, დაიწყო დახურული საბავშვო ბაგა-ბაღების სარემონო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კაპიტალურად შეკეთდა და ქვაფენილით მოწყო გზები. ამას გარდა, განხორციელდა უსინათლოთა დასახლების საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია. ინფრასტრუქტურული, სოციალური, კეთილმოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების გარდა, შეხვედრაზე დეპუტატმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსაც გაუსვა ხაზი, როგორსაც კულტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსება წარმოადგენს.