რიმა ბერაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას 2015 წელს რაიონში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრები, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, საკრებულოს დეპუტატები, ჩუღურეთის გამგებელი, ჩუღურეთის მოსახლეობის ასობით წარმომადგენელი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, შშმ პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ხალხმრავალი პრეზენტაცია, აღმაშენებლის გამზირზე, „ვარდების ბაღში“ მდებარე დარბაზში გაიმართა.
რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ ის 6 თვის წინ ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით ერთხელ უკვე წარდგა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა დაწვრილებით ისაუბრა ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრებზე, ბიუროში და საკრებულოში მიღებულ ათასობით ადამიანზე და შუამდგომლობებზე.
ანგარიშის მიხედვით, მაჟორიტარმა დეპუტატმა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ოქტომბრამდე ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებთან 40 შეხვედრა გამართა. დეპუტატის ბიუროში 5 000-ზე მეტი მოქალაქე მიიღეს, საკრებულოში კი – 570-ი. შემოსული წერილების რაოდენობა -774-ია. მაჟორიტარის ბიუროში მოსახლეობისთვის ასევე ხორციელდება უფასო იურიდიული კონსულტაცია. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, დეპუტატის ძალისხმევით, პირადი კონტაქტების, მერიისა და გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით მყისიერი რეაგირება ხდება მოქალაქეთა თხოვნებზე. შუამდგომლობების გარეშე დაკმაყოფილებულია 200-მდე მოქალაქე.
დეპუტატის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთებოდა: სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების, მედიკამენტების, ოპერაციებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სარეაბილიტაციო კურსების დაფინანსების, მოსახლეობის სამშენებლო მასალითა და შეშით დაკმაყოფილების, სტუდენტებისთვის სწავლის თანხის გადარიცხვების, სახლების გამაგრების, გადახურვის, ეზოებისა და ქუჩების რეაბილიტაციის საკითხები.
რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგად თითქმის ყველა მაჩვენებელი დადებითია და არსებობს ყველა პირობა, რომ წლიურიც შედეგიანი იქნება.
ბიუჯეტზე საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი უმთავრესი ამოცანა 2015 წლის გაზრდილი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა იყო, რის შემდეგაც განისაზღვრა პრიორიტეტები და გზების მოვლა-შეკეთებაზე გამოიყო 2 მილიონი ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებებზე 1 900 000 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის – 4 549 000 ლარი, ხოლო დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციამ – 648 000 ლარი შეადგინა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ, მნიშვნელოვანი ზრდაა ყველა სოციალური დახმარების მუხლში. კერძოდ, ცხელი სადილით მომსახურება 1 162 000 ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის მიმოხილვის შემდეგ, რიმა ბერაძემ ანგარიშის წარდგენა სამაჟორიტარო ბიურის საქმიანობაზე საუბრით გააგრძელა. ანგარიშის მიხედვით, მაჟორიტარის ბიუროში შესულია 1100 განცხადება, რომლის 90 % დაკმაყოფილდა, დარჩენილი 10 %-ზე კი წლის ბოლომდე სათანადო რეაგირება მოხდება. ბიუროში ხორციელდება ასევე უფასო იურიდიული კონსულტაცია.
„შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა შემდეგი მიმართულებები: სოციალურად დაუცველთა 150 ოჯახს გამოეყო ერთჯერადი ფულადი დახმარება. მედიკამენტებით დაკმაყოფილდა 146 მოქალაქე, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა 45 ადამიანს, მათ შორის დაფინანსდა 2 ძვირად ღირებული ოპერაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ 2 500 და 6 000 ევროს ექვივალენტით. სამშენებლო მასალით დაკმაყოფილდა 185 ოჯახი, 15 ქუჩაზე დაიგო ავტომობილის სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები, 12 ოჯახი უზრუნველყოფილია ქირით. ჩვენი შუამდგომლობით, მოსახლეობის მოთხოვნისამებრ, სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებზე შეიცვალა მარშტუტები. 40 შეჭირვებულ ოჯახს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხდა, უსასყიდლოდ გადავეცით „სეტ თოფ ბოქსები“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ, კანონის ფარგლებში, 176 მოქალაქეს მოუხსნა ასეულობით ლარის ოდენობის ხანდაზმული კომუნალური გადასახადების დავალიანება. უკიდურესად შეჭირვებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა ტელევიზორები, სარეცხი მანქანები, მაცივარი და კომპიუტერები. ანგარიშის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებების გამო ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 150-მდე ბენეფიციარს სოციალური სტატუსი შეუჩერდა. დეპუტატმა რიმა ბერაძემ ჯანდაცვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან – ზაზა სოფრომაძესთან იშუამდგომლა, რის შედეგადაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების წესი გადაიხედება. სოციალურად დაუცველ ადამიანებზე საუბრისას რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ მათთვის უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სპეციალური აქციები და დახმარებები სხვადასხვა დღესასწაულზე თუ ჩვეულებრივ დღეებში. ჩუღურეთის რაიონში 5 უფასო სასადილოა გახსნილი, სადაც, ნოვაციური სააღრიცხვო-საბარათე სისტემა მოქმედებს. რიმა ბერაძემ ისაუბრა ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული სკვერებისა და სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოებზე, რეაბილიტირებულ ქუჩებზე, შეცვლილ მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და დაგებულ ასფალტის საფარზე. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო 13 ივნისის სტიქიის შედეგად ჩუღურეთის რაიონისათვის მიყენებულ ზარალს და განხორციელებულ აღდგენით სამუშაოებს. ანგარიშის მიხედვით, სტიქიის შედეგად ჩუღურეთში 110 ობიექტი დაზიანდა, რომელთა 70 % რეაბილიტირებულია.
მაჟორიტარი დეპუტატის – რიმა ბერაძის შეამდგომლობით და ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსებით, 2015 წელს ჩუღრეთის რაიონში 156 ობიექტი გამაგრდა, გადაიხურა 105 შენობა, შეკეთდა 19 სადარბაზოს კარი და ეზოს ჭიშკარი, 16 საერთო სარგებლობის კიბე, 8 აივანი, 8 ლიფტი, 23 სადარბაზოსა და ეზოს თაღი. 15 ობიექტზე შეიცვალა წყალსაწრეტი მილები. თანადაფინანსებით 32 ეზოში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია და დაიგო ასფალტი. განხორციელდა 60 ავარიული ეზოს სრული რეაბილიტაცია, რომელიც მთლიანად საბიუჯეტო სახსრებით დაიფარა. ზემო ჩუღურეთში, 40 ობიექტზე, მოხდა გრუნტის დამჭერი კედლის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. დეპუტატის ანგარიშში ცალკე თავი დაეთმო რაიონში მცხოვრებ დევნილების პრობლემატიკას. რიმა ბერაძის შუამდგომლობით, რამდენიმე მისამართზე დევნილებს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართები, ხოლო ვაგზლის მოედანზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „კოლხეთში“ ჩასახლებულ 120 დევნილს, დეპუტატის დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან შუამდგომლობით, ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემა.
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარის ანგარიშში, ვრცლად არის საუბარი რაიონში არსებულ ბაგა-ბაღებსა და სკოლებზე. ანგარიშის მიხედვით, რაიონში რამდენიმე ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია უტარდება, ასევე მიმდინარეობს სრულიად ახალი და თანამედროვე სტანდარტების ბაღების მშენებლობა, რომლებიც უახლოეს მომავალში გაიხსნება. დეპუტატის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს დახურულ მე-3 საჯარო სკოლის ადგილას, ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება, რადგან სკოლის შენობის რეაბილიტაცია შეუძლებელია. ანგარიშის ბოლოს რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ მაჟორიტარი დეპუტატისა და გამგეობის მიერ ჩატარებულია მონიტორინგი, რომლის საფუძველზე განსაზღვრულია ის პრორიტეტები, რომლებიც 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხის გადაწყვეტა და ახალგაზრდობის მხადარდასაჭერი ღონისძიებების მომავალში გაგრძელება დაასახელა. დეპუტატის ძალისხმევით, სხვადასხვა სამინისტროში სტაჟირებაზე გაგზავნილია 16 ახალგაზრდა, რომელთაგან 4-მა ადგილზე განაგრძო მუშაობა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩუღურეთისთვის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელებაზე და ინვესტორების მოძიებაზე. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია – ჩეჩელაშვილი ქუჩის კაპიტალური შეკეთება, ხოლო ფიროსმანისა და აღმაშენებლის ქუჩებზე შეჩერებული აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ გაგრძელება. „ჩემს მიერ გაკეთებული საქმე ფასადური არ იქნება. რეკომენდაციით 316 ადამიანის დასაქმება შევძელი. როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, პრიორიტეტულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერა, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სამსახურით უზრუნველყოფა. მაქსიმალურად მხარში ვუდგავარ ჩუღურეთის მოსახლეობას და მადლობას ვუხდი მათ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული ნდობისთვის“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და მოსახლეობასთან ერთად, ბიუროს თანამშრომლებს და კოლეგებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები