უფლებადამცველი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მიმართავს

„მინდა „რუსთავი 2“-ის ყველ ჟურნალისტს მოვუწოდო, არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვონ, რადგან ეს ადამიანი სიტყვის თავისუფლებას არ ემსახურება. ჟურნალისტი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს არ უნდა ეწირებოდეს“, – ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გურამ ადამაშვილის შეფასებით, გუშინ უკრაინული მედიის მიერ სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას საუბრის ჩანაწერები სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს შეიცავს.
„გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერები გადატრიალების მცდელობა იყო. საუბარში ჩანდა, თუ როგორ ემზადებიან ისინი დაპირისპირებისათვის. ეს არის გადატრიალების მცდელობა. ჟურნალისტები ნამდვილად უნდა ემსახურებოდნენ თავისუფალ სიტყვას, სიმართლეს და საზოგადოების ნებას. „რუსთავი 2“, თავად გვარამიას განცხადებითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ამის შემდეგ გამოდის გვარამია და საზოგადოებას ეუბნება, რომ მას სიტყვის თავისუფლებას ართმევენ. ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესები“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
უფლებადამცველმა პრეზიდენტ მარგველაშვილს მოუწოდა, რომ, ნაცვლად სიტუაციის დაძაბვისა, მან პირიქით, სიტუაცია გაანეიტრალოს. ადამაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ „რუსთავი 2“- ის საქმის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებაში არეულობის შემოტანის ნიშნები იკვეთებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები