ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს – „კარგად დაფიქრდით, არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვინმეს პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად“

მათ, ვინც გეგმავს, ჩანაწერების მიხედვით, დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად: კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თავისუფალ მედიას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის გარანტი იქნება.
“ჩვენი ხელისუფლება უპირობოდ მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება “რუსთავი 2″- თან დაკავშირებული სასამართლო დავა. საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია. ხოლო მათ, ვინც გეგმავს, ჩანაწერების მიხედვით, დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად: კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში. სახელმწიფო და პირადად მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვიქნებით გარანტი იმისა, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, ასევე, თითოეული ჟურნალისტისა და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე ჟურნალისტებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ არავის მისცენ უფლება გამოეყენებინონ თავი პოლიტიკური ინტერესების განსახორციებლად.
“ასევე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას: კარგად დაფიქრდით, რომ არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვინმეს პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად, არ აღმოჩნდეთ უნებურად მონაწილენი ან თანამონაწილენი ამ პროვოკაციის”, – განაცადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები