ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთი საქართველოსთვის დღემდე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებას დაესწრო.
“თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მას შემდეგ თურქეთი სხვადასხვა ასპექტში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს. დღეს თურქეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის მისწრაფებებს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მილოცვის გარდა, ნება მომეცით, მადლობა მოვახსენო თქვენს ქვეყანას, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ფასდაუდებელი პარტნიორია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მისალოც სიტყვაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-თურქეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თურქეთი საქართველოსთვის დღემდე რჩება უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად. ორ ქვეყანას საერთო მისწრაფებებიც აერთიანებს, მათ შორის ევროკავშირის წევრობა და ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენით აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება.
თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის.
,,საქართველო და თურქეთი არ არიან მხოლოდ მეზობლები და მეგობრები, ჩვენ ვართ ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროებში,”-განაცხადა ელჩმა.
რესპუბლიკის დღე თურქეთში 29 ოქტომბერს აღინიშნება. თბილისში ამ დღისადმი მიძღვნილ მიღებას საქართველოს ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები