თემო მურვანიძის საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებს

პოლიტიკოსი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჟურნალისტებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ ინერვიულონ.

„თუ თქვენთვის, მართლაც, სიტყვისა და თქვენი პროფესიის თავისუფლებაა მთავარი, ნუ ინერვიულებთ: ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. კარგად ხედავთ, რომ პოლიტიკური რევანშისა და საკუთარი „თბილი“ ადგილების, თანამდებობების შენარჩუნებისთვის ცდილობენ თქვენს გამოყენებას ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, მთელ ქვეყანას ტყუილში აცხოვრებდნენ,“ – წერს ფეისბუქში პოლიტიკოსი თემო მურვანიძე.

ამასთან, მურვანიძე აქცენტს უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერზეც აკეთებს და რიტორიკულად კითხულობს: „რას ნიშნავს განცხადებები, რომ არ დავემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას? რას ნიშნავს, რომ აპირებენ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართლადამცავ სტრუქტურებს? რას ნიშნავს, როდესაც აბუჩად იგდებენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას? ეს ადამიანები აპირებენ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას და არად აგდებენ სამოქალაქო უსაფრთხოებას და ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს ჩვენი საზოგადეოებისთვის ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომ ამ ადამიანებისთვის მთავარი მხოლოდ მათი საკუთარი კეთილდღეობაა და პირადი მიზნებისათვის მზად არიან, ქვეყანაში არეულობის წამოწყება სცადონ! მათ ჰგონიათ, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, მკაცრად ალაგმოს ნებისმიერი არეულობის მცდელობა,“ – წერს თემო მურვანიძე ფეისბუქში.

მურვანიძე ყურადღებას კიდევ ერთ საფრთხეზე ამახვილებს: „ამ დემაგოგიით ისინი მეტად გააღიზიანებენ საზოგადოებას და როგორც 2009 წლის აქციებზე ვთქვი, მგონი, ისე იქნება საქმე, რომ ეს უდღეურები უბრალო მოქალაქეებისაგან ჩვენი ძალოვანების დასაცავები გახდებიან.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები