სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს – “გაატარეთ!” ეს განგებ ჩაწერილი დიალოგია

„საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ სცენარს არ აჰყვეს. როგორც ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აუდიო ჩანაწერი „განგებ“ ჩაწერილი დიალოგია. საგარეო საქმეთა ყოფილო მინისტრს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, მსხვერპლის მანტია „ტანზე შემოიხვიონ“ .

„ჩემი აზრით,  ესეც მომზადებული მახეა!!!!!! ამ საუბარზე (უკრაინელების მიერ ჩაწერილს, თუ თვით მიშას გავრცელებულს) ხელისუფლება თუ რამე რეაგირებას მისცემს, ჩაჯდება კიდევ ერთხელ “ნაციონალების” მიერ მომზადებულ ყალიბში! გვარამიას რომ დაბრალდეს სახელმწიფო გადატრიალების განზრახვა და ამის გამო დაიჭირონ, უკვე მზად ექნებათ ლოზუნგები და დემარშები: “ადამიანის უფლებების დარღვევა” “მოსმენების აღდგენა” და ასე შემდეგ და ხელისუფლება კიდევ ერთხელ, თავის მართლების რეჟიმზე გადავა!… ამიტომ, ჩემი რჩევა ხელისუფლებას : “გაატარეთ!” ეს განგებ ჩაწერილი დიალოგია, არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ნელ-ნელა ეწურებათ “ნაცებს” თემები და მსხვერპლის მანტია ეხევათ ტანზე…. ამიტომ, ყველაზე სწორი მიდგომა არის სიწყნარე, და არ აყოლება! არც სამოქალაქო დაპირისპირება გვემუქრება, არც სახელმწიფო გადატრიალება! ჩვენ გვემუქრება მხოლოდ ხელისუფლების შეცდომები და არამგრადი პოლიტიკა! დანარჩენი არის მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ შეუძლია: ხელისუფლებას აურიოს გზა და კვალი და მისი გასაკეთებელი საქმიდან გადაიყვანოს უაზრო და უმიზნო ორომტრიალში…“ – წერს სალომე ზურაბვიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული სააგენტოს საშუალებით გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “რუსთავი 2“ -ის გენერალურ მდივანს, ნიკა გვარამიას და “ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრება. ჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს. ჩანაწერებში ისმის, რომ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს. ასეთ ბრძანებას აძლევს ის „რუსთავი-2“-ის დერექტორს ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს გიგა ბოკერიას. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები