„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა შემცირება ღირებულებით ცვლილებას არ გულისხმობს“
კვლევის იმ ნაწილს, რომელშიც ვამჩნევთ ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით კლებას, ჩემი აზრით, ეს არ გულისხმობს ღირებულებით ცვლილებას – ამის შესასხებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საზოგადოების რეალისტური დამოკიდებულებაა, რომელიც გამომდინარეობს იმ შენელებული პროცესიდან, რომელსაც ვხედავთ.
“აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის პარამეტრი, რომ არ არის მატება საპარისპირო – ევრაზიული კავშირის მხარამჭერთა რაოდენობაში. რაც შეეხება კვლევის იმ ნაწილს, რომელშიც ვამჩნევთ ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით კლებას, ჩემი აზრით, ეს არ გულისხმობს ღირებულებით ცვლილებას. ეს უბრალოდ საზოგადოების რეალისტური დამოკიდებულებაა, რომელიც გამომდინარეობს იმ შენელებული პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს, ბუნებრივია, აისახება მოსახლეობაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საზოგადოებას, რომელსაც მიმართულების სჯერა, თავის თავზე უნდა აიღოს ევროპული იდეების პოპულარიზაცია და იმუშაოს იმისთვის, რომ შედეგები იყოს განსხვავებული.
“რა უნდა გავაკეთოთ? საზოგადოებამ, რომელსაც სჯერა მიმართულების და იმის, რომ ეს უცვლელი ღირებულებებია და ამისკენ უნდა ვიაროთ, თავის თავზე უნდა აიღოს ევროპული იდეების პოპულარიზაცია და იმუშაოს იმისთვის, რომ შედეგები იყოს განსხვავებული. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ კურსის მხარდამჭერებმა დავკარგეთ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, რომ ეს კარგია. მე არ ვფიქრობ, რომ მათ ამის არ სჯერათ. აქ არ არის კამათი იმის თაობაზე, ეს კარგია თუ ცუდი, მესიჯი მდგომარეობს შემდეგში – ეს არარეალურია. ბუნებრივია, რუსეთის პროპაგანდას თავისი შედეგები მოყვება. რა უნდა ვაკეთოთ?- ჩვენც იგივე უნდა განვახორციელოთ – რაც შეიძლება მეტად ჩავერთოთ ამ პროცესში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.