„ქართულმა ოცნებამ“ დღეს მოქმედი შემადგენლობით თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, მას ახალი სახეები სჭირდება“
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს საზოგადოებამ ხმა არა რომელიმე კანდიდატს ან პოლიტიკურ პარტიას, არამედ ივანიშვილს მისცა. როგორც ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დღეს როდესაც ივანიშვილი აღარ არის სახელისუფლებო გუნდის მმართველი. საარჩევნო სიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
გამზარდია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დღეს მოქმედმა შემადგენლობამ თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა და თვლის, რომ მისი 50% -ზე მეტი დოზით გადახალისებაა საჭირო.
„ქართულმა ოცნებამ“ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თავის ფუნქცია უკვე შეასრულა. ეს პროცესი ითხოვს განვითარებას. ჩვენ თვითმმართველობის, პრეზიდენტობის და საპარლამენტო არჩევნებზე, ყველგან ხმა მივეცით ბიძინა ივანიშვილს და არა რომელიმე მაჟორიტარს, ან პარტიას. ყველა მათგანში ამომრჩეველმა ივანიშვილი იგულისხმა.
დღეს „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოწვევა აქვს. დღეს ის უნდა აირჩიონ, როგორც „ქართული ოცნება“ და არა როგორც ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტში უნდა იყვნენ ეგრეთ წოდებული „პაბლიკ ტიპები“, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე მუშაობენ, რომელებიც შედიან დებატებში… ამიტომ მგონია, რომ საარჩევნო სიაში საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული ადამიანები უნდა აღმოჩნდნენ. ძალიან ხშირად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დებატებში ძალიან სუსტად გამოიყურებიან. სიმართლე უჭირავთ ხელში და „ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგიას ვერ უძლებენ. მე მგონია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში 50%- ზე მეტი ახალი სახე უნდა იყოს“,- განაცხადა არჩილ გამზარდიამ.