დავით საგანელიძე – როგორ იქნება ჩემი ხელფასი განკარგული, ეს ჩემი საქმეა

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს ხელფასის სახით თვეში 21 ათას ლარი ერიცხება. როგორც ჟურნალისტებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, ამას აკლდება საშემოსავლოს 20% პროცენტი, რასაც იღებს ხელზე.
საგანელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის წერილი მიიღო, სადაც ის ოფიციალურად ითხოვს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას.
საგანელიძე მის მიერ პარლამენტში ყოფნის ბოლო დღეს აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას იხსენებს.
“ეტყობა ის არ დააკმაყოფილა ჩემ მიერ სიტყვიერად გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც მე პარლამენტში ყოფნის ბოლო დღეს გავაკეთე და ვთქვი, რომ ამ თანამდებობაზე 2011 წელს მოსული პირების სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 50 ათას ლარს, შემდგომ იყო 40 ათასი, შემდგომ – 31 ათასი. ჩემი წინამორბედის ხელფასი იყო 21 ათასი ლარი, ეს არის დარიცხული, გასაგებია ამას აკლდება 20% პროცენტი, რასაც იღებდა ხელზე. მე მაშინ ვთქვი, რომ მე არ ვიცი, რამდენია სახელფასო განაკვეთები ფონდში. ვთქვი, როცა მივალ, გავერკვევი და თუ ეს არაგონივრული ხელფასებია, მე ჩემს რეაქციას დაგანახვებთ.
როცა ვნახე თანამშრომლების ხელფასი შიგნით, მიმაჩნია, რომ ის ანაზღაურება აბსოლუტურად ადეკვატურია მათი, საკმაოდ მაღალპროფესიონალების, სერიოზული პროფესიონალების თავიანთ დარგში, ზოგიერთის ხელფასი არის 2 ათასი, 3 ათასი, 4 ათასი ლარი. თუ მათ ამ ხელფასებს დავუწევთ, მათი გადადინება მოხდება კერძო სექტორში, სადაც ბევრად უფრო მაღალია ანაზღაურება ანალოგიურ პოსტებზე”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ხელფასს საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის ხელმძღვანელია პრემიერი.
საგანელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ის ხელფასის შემცირების მოთხოვნას დააყენებს უნდა მიმართოს მთავრობას. შესაბამისად, უნდა შეიკრიბოს სამეთვალყურეო საბჭო და მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
საგანელიძე აცხადებს, რომ აღნიშნული თხოვნის დაყენებას არ აპირებს.
“მე ვიკითხე პროცედურა იმ შემთხვევაში, თუ მე დავაყენებ შემცირების მოთხოვნას. ამ დროს მე უნდა მივმართო მთავრობას და მოვითხოვო – გთხოვთ, ჩემი ხელფასი განსაზღვროთ ასე. შესაბამისად, უნდა შეიკრიბოს სამეთვალყურეო საბჭო და მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ რამდენიც არ უნდა ჩავწერო, მე დამინიშნეთ ამდენი და ამდენი, ეს გახდება სალაპარაკო თემა, თურმე მე დავინიშნე”, – განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, ამას არ გააკეთებს იმ პოპულისტი პოლიტიკოსების კრიტიკის გამო, რომელთაც მის წინააღმდეგ სხვა არგუმენტები ვერ მოძებნეს.
“როგორ იქნება ჩემი ხელფასი განკარგული, ეს არის ჩემი საქმე. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წინა წლებში ჩემი ხელფასის რა ნაწილი მიდიოდა დახმარებებზე, ნიჭიერი ბავშვების სტიპენდიებზე იმ რაიონებში, სადაც მე დეპუტატი ვიყავი, ასევე იმ კლინიკებში, სადაც მე ექიმად ვმუშაობდი. ეს არის ჩემი საქმე. თუ ვინმე წყვეტს, რომ ჩემი ხელფასი უნდა იყოს სხვა, ეს გადაწყვეტილება მათ მიიღონ. გადაწყვიტოს მთავრობამ, პარლამენტმა მიიღოს კანონი რანგირების შესახებ და ამით განსზაღვროს. თუ არა, მე რომელიმე ვაიპოლიტიკოსის ჭკუაზე ნამდვილად არ ვღებულობ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები