როგორ დავიცვათ თავი ჰაკერებისგან და რა შეცდომებს უშვებენ მოქალაქეები – ინტერვიუ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსთან

“თუ იზრდება დანაშაული, ასევე იზრდება ჩვენი პროფესიონალიზმის დონე, სხვაგავარად მასთან ბრძოლა და გამკლავება შეუძლებელია”,-ამის შესახებ გაზეთ “პრაიმტაიმს” ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე კიბერდანაშაულებებთან და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით ესაუბრა და განაცხადა, რომ 2008 წელთან შედარებით კიბერდანასაულის მხრივ დღეს საქართველო გაცილებით დაცულია.
როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, მთელ მსოფლიოში კიბერდანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია, რისი მიზეზიც ტექნოლოგიების განვითარება და მათი ხელმისაწვდომობაა.
“დღეს “გაჯეტებისა” და ინტერაქტიული ეკრანების ეპოქაში, ძალიან ადვილია, ინტერნეტის გზით როგორც კომფორტის შექმნა და საჭირო მომსახურების მიღება, ისე დანაშაულის ჩადენა. ანუ ტექნოლოგიების განვითარება და მათი ხელმისაწვდომობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც მთელ მსოფლიოში გაზრდილია კიბერდანაშაულის მაჩვენებელი.
დღეს სამყაროში 18,2 მილიარდი მოწყობილობა დაკავშირებულია ინტერნეტთან, რაც საკმაოდ ნოყიერ საფუძველს ქმნის კიბერდანაშაულის განვითარებისთვის. ანონიმური მოქმედების შესაძლებლობა არის ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი სერიოზული მიმართლუბა. იქმნება ანონიმური “აიპები”, “იუზერები”, რომელთა იდენტიფიკაცია გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
პროცესების მიღმა დარჩენა დაუშვებელია. დანაშაული თვითონ გვიბიძგებს განვითარებისკენ და ბრძოლის მეთოდების ჩამოყალიბებისკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან.
კიბერდანაშაული ისეთი დანაშაულია, სადაც საზღვრები არ არსებობს და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. მოქმედებს პროექტი “24/7″, რომლის ფარგლებშიც ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში ვცვლით.
სისტემატურად ვატარებთ სწავლებას. ეს არის პარალელური განვითარება, ანუ თუ იზრდება დანაშაული ამ მიმართულებით, ასევე იზრდება ჩვენი პროფესიონალიზმის დონე, სხვაგავარად მასთან ბრძოლა და გამკლავება შეუძლებელია”, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში უსაფრთხოების პარამეტრების შესახებ საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის დონე ძალიან დაბალია. როგორც ჭელიძე ამბობს, ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტში რეგისტრაციის დროს, უსაფრთხოების პარამეტრებს ყურადღება არ ექცევა და, შესაბამისად, სოციალური ქსელი იქნება თუ ელექტრონული ფოსტა, ძალიან ადვილად შეღწევადი ხდება.
“ელემენტარულად, პაროლიც კი ხშირ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს. სასურველია, უსაფრთხოების ყველა მექანიზმის გამოყენება, რასაც ადმინისტრაცია გვთავაზობს, საჭიროა უსაფრთხოების პარამეტრების მუდმივი განახლება.
უფრო მნიშვნელოვანი გარემოებაა, როდესაც ხშირად, ინტერნეტმომხმარებელი იღებს მიბმულ ფაილებს ან გაურკვეველ ბმულებს, რომელსაც დაუფიქრებლად ხსნის ან ჩამოტვირთავს ხოლმე და რომელიც ჰაკერული თავდასხმის მიზნით გამოიყენება, რადგან თუნდაც ერთი ასეთი ლინკის გახსნით, ან მიბმული ფაილის ჩამოწერის მომენტში, მას შეუძლია პირადი პაროლის მოპარვა”,- განმარტა ჭელიძემ და მომხმარებელს ყველა ისეთი შეთავაზებისგან თავის შეკავება ურჩია, რომელიც ელფოსტას ან სოციალურ ქსელს მოჰყვება.
ჭელიძის ვარაუდით, ეს შესაძლოა, პირადად იყოს გამიზნული მათი პირადი ინფორმაციის დაუფლებისთვის. ამავე სტატიაში ჭელიძე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის, ან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მიზნით გამოყენებულ დანაშაულზეც საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი რამ საქართველოში თითქმის არ ფიქსირდება.
“ძირითადად, გვხვდება უცხო ქვეყნებში შექმნილი პროდუქტის ჩამოტვირთვის ფაქტები. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ, შსს-ს მიერ 45 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და გავრცელების მცდელობის ბრალდებით.
იყო, ასევე, ერთი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შექმნასა და გავრცელებაში ვამხილეთ ისრაელის მოქალაქე და, ასევე, არასრულწლოვნის დედა. ამ საქმეზე საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა უცხოელ კოლეგებთან. ამის შემდეგ მსგავსი შინაარსის მასალა ინტერნეტსაიტზე არ ატვირთულა.
ასევე, საკმაოდ გავრცელებულია ინტერნეტთაღლითობა. ე.წ. ჰაკერები, მას შემდეგ, რაც მოახერხებენ ელფოსტის გატეხვას, ეცნობიან არსებული მიმოწერების შინაარსს, აანალიზებენ მას. ასეთი თავდასხმის მსხვერპლნი, ძირითადად, ბიზნესორგანიზაციები არიან.
ჰაკერები, მას შემდეგ, მიმოწერებს დაამუშავებენ, ქმნიან მაქსიმალურად მიახლოებული ფორმის ელექტრონულ ფოსტას და ვითომდა უცხოური კმპანიის სახელით აგრძელებენ კომუნიკაციას ქართულ კომპანიებთან და მომხმარებელთან, უგზავნიან ანგარიშის ნომერს და ამ გზით თაღლითების ანგარიშზე საკმაოდ სერიოზული თანხებიც ირიცხება.
სწორედ კიბერდანაშაულის გზით ფინანსური სარგებლის მიღებას ჰქონდა ადგილი იმ საქმეში, რომელიც შსს-მ ცოტა ხნის წინ გახსნა. საუბარი მაქვს ერთ-ერთ ფასდაკლების საიტზე კომპიუტერეული მონაცემების შეცვლის გზით კომპანიისთვის სერიოზული ფინანსური ზიანის მიყენებაზე. ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 43 პირი მივეცით”, – განაცხადა ჭელიძემ. მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაულია პლასტიკური ბარათებიდან ინფორმაციის მოპარვა. ჭელიძის მტკიცებით, შეცდომა, რასაც მომხმარებლები მისი სარგებლობის პროცესშივე უშვებენ, არის ის, რომ სხვადასხვა სასტუმროში, კაფე-ბარში, რესტორანსა თუ სავაჭრო ობიექტში ანგარიშსწორების დროს უმეთვალყურეოდ ტოვებენ პლასტიკურ ბარათებს.
“მე მათ ვურჩევდი, რომ ანგარიშსწორება განსაკუთრებული ყურადღებით, მათივე თვალწინ მოახდინონ, რათა არ მოხდეს ციფრების ამოკითხვა ან ფოტოს გადაღება მონაცემებისათვის, რომელიც ამ ბარათზეა დატანილი. ასევე, საბანკო ბარათებზე ბანკები სთავაზობენ მომხმარებელს დაზღვევის სისტემებს, რომელიც დამატებით გიცავთ ანგარიშიდან ფულის დაკარგვისგან”,- აღნიშნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვას სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული აიპი მისამართის დადგენა და დამნაშავის გამოვლენა, ჭელიძემ განაცხადა, რომ აქ მნიშვნელოვანი სხვა ქვეყნის ინტერნეტპროვაიდერებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაა, საიდანაც ეს მასალა აიტვირთება.
“ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს სამართლებრივი მხარდაჭერის გამოცდილება, რის საფუძველზეც შეგვიძლია სხვადასხვა სახის ოპერატიული სამუშაოს წარმართვა. თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელიც მსგავს საფრთხეებზე თავდაპირველად რეაგირებას. შსს-ს მსგავსად, კიბერინცინდენტებზე რეაგირების ჯგუფი აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2008 წელთან შედარებით, დღეს საქართველო გაცილებით დაცულია, შეიქმნა ინფრასტრუქტურა, მოხდა სპეციალისტების გადამზადება და ა.შ. 2013 წელს ჩვენ შევიმუშავეთ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია, სადაც პრიორიტეტად ჩამოყალიბებულია ის გზები, რომლითაც სახელმწიფო საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას აპირებს”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები