ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ამ წუთებში პარლამენტში, ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება. როგორც ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან კონსულტაციების გამართვა დაიწყეს.
“ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად მძიმე ვითარება. ვხედავთ, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი აქეზებს საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისკენ, მეორე მხრივ კი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებენ მასობრივ არეულობებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მიგვაჩნია, რომ პროცესებმა ქუჩიდან უნდა გადმოინაცვლოს შენობაში და ყველანაირი პოლიტიკური ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა ქვეყანაში ვითარება დარეგულირდეს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ იცოდეს ჩვენი ეს პოზიცია. ასევე შეხვედრაზე მოვისმენთ მათ შეხედულებებს. შესაძლოა, ერთიან გადაწყვეტილებებზეც შევჯერდეთ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კონსულტაციების ფარგლებში, ფრაქციის წევრები ხვალ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ორშაბათს კი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.
“შეხვედრები ასევე გვექნება სახალხო დამცველთან და მედიის წარმომადგენლებთან”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები