გოგი თოფაძე გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესასწავლი ლაბორატორიის შექმნის ინიციატივით გამოდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე იმპორტიდან შემოსული გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემადგენლობის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აუცილებელია თანამედროვე ანალიტიკური ლაბორატორია შეიქმნას, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოსულ პროდუქტებში ქიმიური მავნე ნივთიერებების შემცველობის დონეს გამოიკვლევს.
„გენმოდიფიცირებული საკვების თემა ძალიან მტკივნეულია. იმპორტული პროდუქტის შემოწმების გარეშე შემოტანამ ქვეყანაში ტრომბის, სიმსივნური და გულის დაავადებების მომატება გამოიწვია. მათში ბევრი ისეთი ქიმიური დანამატია, რომელიც მავნებელია.
ჩვენ რეალურად არ გვაქვს აპარატურა, რომლითაც შევამოწმებთ და ვეტყვით საზოგადოებას, თუ რას ვაჭმევთ მათ. ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ გვქონდეს თანამედროვე ანალიტიკური ლაბორატორია, რომ ვიცოდეთ, რა შემოდის ჩვენთან. ამ ბიუჯეტში უნდა იყოს გაწერილი თანხები იმისთვის, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ასეთ ლაბორატორიებში საზღვარგარეთ გადავამზადოთ. შემდეგ შევიძინოთ აპარატურა და შევქმნათ თანამედროვე ლაბორატორია, რომ ხალხი დავაზღვიოთ და შევისწავლოთ იმ პროდუქტების შემცველობა, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ჩვენი, ნატურალური პროდუქცია და არ უნდა დავწამლოთ ხალხი უხარისხო საკვებით“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.