“მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს არ განაპირობებს”

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების გაიაფება და ხელმისაწვდომობა დააანონსა, რაც, ძირითადად, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებით მოხდება.
“ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ფონდის“ თავმჯდომარემ მანანა ჩუბინიძემ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი და აქ ფასი მთავარი სულაც არ არის: „ეფექტიანი მკურნალობისთვის მედიკამენტის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. ეს ეხება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს. მომხმარებელმა, ხოლო მცირეწლოვნობის შემთხვევაში ბავშვის მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა ხარისხის წამალს ყიდულობს აფთიაქში. არის შემთხვევები, რომ აფთიაქარი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტული მედიკამენტის შემცვლელ „ჯენერიკს“ და ეუბნება, რომ ის უკეთესია და ფასიც ნაკლები აქვს. პირადად მე არასდროს მივდივარ ამ დათმობაზე, თუნდაც ფასებს შორის მცირე სხვაობის გამო. ჩვენს ბენეფიციარებს სახელმწიფო დახმარების პროგრამით უტარდებათ მკურნალობის კურსი, შესაბამისად, წამლის ხარისხის კონტროლი და სანდოობაც, ვფიქრობ, სწორედ სახელმწიფო დონეზე უნდა იდგეს ყველა მიმართულებით,“ – აღნიშნავს ,,ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ფონდის“ თავმჯდომარე.
როდესაც მომხმარებელს უჩნდება კითხვა, თუ რამდენად ხარისხიანია მედიკამენტი, მას კომპეტენტური პასუხი სჭირდება. „ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე მედიკამენტის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც ხარისხის კონტროლს უმაღლეს დონეზე აიყვანს. ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს მომავალში გეგმავს შესაბამისი სისტემის შექმნას, რაც მნიშველოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.“
მანანა ჩუბინიძე იმაზეც მიანიშნებს, რომ მხოლოდ მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს არ განაპირობებს და აღნიშნავს: „ციტრამონი, რომელიც ღირს სულ რამდენიმე თეთრი, არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანზე, ვიდრე მეხუთე თაობის რთული პრეპარატები, რომლებიც ძალიან ძვირია და, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ რთული გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. ფასი ხარისხს ყოველთვის არ განაპირობებს. თუმცა უსამართლობა და დანაშაულია, თუ კომპანია არასანდო და უხარისხო პრეპარატს ყიდის, სწორედ, ამისთვისაა აუცილებელია მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები