თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილი-ბოკერიას შეხვედრას ადასტურებს

უკრაინულ „ვიკილიქსზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და მან ამ თემაზე გიგა ბოკერიასთან სტამბოლის აეროპორტში ისაუბრა, სოციალურ ქსელში ბოკერიას მეუღლე, ტელეკომპანია „ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.
„სხვა დროს, ისტორიებს რომ შეთხზავთ, გაითვალისწინეთ, რომ მიშა თამუნას მიძახის. თუ ჩემზე გაბრაზებულია – ჩერგოლეიშვილს. არანაირი თამრიკო.
რაც შეეხება მიშასთან შეხვედრას. ისიც, გიგაც და მეც ვიყავით მადრიდში (EPP სამიტი იყო). მადრიდიდან სტამბოლამდე ვიფრინეთ ერთად. სტამბოლში თბილისის რეისის „გეითთან“ მოვიდა და დაახლოებით 10 წუთი ვილაპარაკეთ. ვიცინეთ ჩემს დაჭერაზე და გავიხსენეთ ო’ ჰენრის ცნობილი წითელკანიანთა ბელადი. დიდი დრო წაიღეს ქალბატონებმა, რომლებსაც მიშასთან ფოტოს გადაღება სურდათ. ცხადია, ვილაპარაკეთ უკრაინაზე. ვიდექით ბევრ ხალხში, რომელთა ნაწილიც დაინტრიგებული იყო, ფიქრობდნენ, რომ მიშა თბილისში მოფრინავდა”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინულმა „ვიკილიქსმა” გაავრცელა სტენოგრამა, სადაც, მათი მტკიცებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბარია აღწერილი. სტატია სათაურით: “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს” გუშინ გამოქვეყნდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სააკაშვილსა და ბოკერიას შორის საუბარი სტამბოლის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები