საკრებულოს დეპუტატებმა NDI-ის კვლევის შედეგების მოსმენა პროტესტის ნიშნად დატოვეს
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზაცია NDI-ის საქართველოს ოფისის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგების მხოლოდ ერთი – პოლიტიკური ნაწილის მოსმენა გაიმართა, რომელიც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა წარუდგინა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, NDI და ორგანიზაცია CRRC-საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლორა თორნტონმა დეპუტატებს ორგანიზაციის მიერ 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შუალედში ჩატარებული საველე სამუშაოების კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც 4.448 დასრულებულ ინტერვიუს ეყრდნობოდა.
NDI -ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ანგარიშის წარდგენის დაწყებისას, განაცხადა, რომ მას, მოუცლელობის გამო, პრეზენტაციის პოლიტიკური ნაწილის წარდგენის შემდეგ შეხვედრა უნდა დაეტოვებინა.
შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატებმა მოითხოვეს, მოსმენა ანგარიშის პოლიტიკური ნაწილის შემდეგ, შეწყვეტილიყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელებულიყო. მათ განაცხადეს, რომ კითხვები ანგარიშის პოლიტიკური ნაწილისა და ზოგადად, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ სწორედ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან გააჩნდათ.
მიუხედავად ამისა, შეხვედრაზე ლორა თორნტონისთვის კითხვის დასმა მხოლოდ სამმა დეპუტატმა მოახერხა.
საკრებულოს წევრებმა ადგილობრივი კონტრაქტორის მიერ ჩატარებული კვლევა და ორგანიზაციის საქმიანობა გააკრიტიკეს. დეპუტატების კრიტიკა დეტალური და არგუმენტირებული იყო.
მწვავე და კრიტიკული იყო ოპოზიციონერი დეპუტატის, ფრაქციის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა წევრის შალბა ოგბაიძის გამოსვლა.
„თქვენს ორგანიზაციას არ ჰქონია კითხვა 7 ნოემბრის, 6 მაისის, 15 ივლისის, 26 მაისის მოვლენების შემდეგ, არ გამოუთქვამს სურვილი გამოეკითხა მოსახლეობის აზრი თუნდაც გუშინ გავრცელებულ შემზარავ კადრებზე. არასოდეს მომისმენია თქვენი მოსაზრება და მაინტერესებს, თუ როგორ მოიქცეოდა რიგითი ამერიკელი თუ მის შვილებს სასტიკად აწამებდდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მამას პრეზიდენტისგან განსხვავებული ხედვა აქვს? დამერწმუნეთ, თქვენი განცხადებები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია, ეს ჩემი მხრიდან გამოთქმული ყველაზე რბილი შეფასებაა, ვისურვებდი, რომ ამ რეალობას დაბრუნებოდით“, – განაცხადა შეხვედრაზე შალვა ოგბაიძემ.
ასევე კრიტიკული იყო ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, დეპუტატ თამარ ტალიაშვილის გამოსვლაც.
„გაჟღერებული უნდობლობის თემა, პირდაპირ უკავშირდება იმ ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ გადის ველზე და ატარებს კვლევას. 2011 წელს, 2012 წელს ეს საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, თვითმმართველობის არჩევნები ფაქტი სახეზე იყო, რომ შედეგები არ დაემთხვა იმ გარემოებებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ დადგა. მაინტერესებს ხომ არ გიცდიათ, მოგეძებნათ სხვა კვლევითი ორგანიზაცია თუნდაც ერთხელ და შეგეცვალათ თქვენი კონტრაქტორი?“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის მიერ გაცემულმა პასუხმა იმის შესახებ, რომ კვლევა ჩატარებულია და ვისაც უნდა მას ენდობა და ვისაც უნდა არა, საკრებულოს დეპუტატის შორენა ბუხრაშვილის აღშფოთება გამოიწვია.
„პროფესიით სოციოლოგი ვარ და ეს პასუხი ჩემთვის შეურაცხმყოფელია, იმიტომ, რომ კვლევა ცალკე განყენებული არ არის, სოციოლოგიური კვლევა, ზოგადად უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი გამოიკვეთოს და მას ვენდობოდეთ.
როდესაც ორგანიზაცია გვიცხადებს კვლევა ჩატარებულია და გნებავთ ენდეთ და გნებავთ არაო, ეს ჩემთვის, როგორც პროფესიონალი სოციოლოგისთვის შეურაცხმყოფელია.
ერთხელ მაინც, ქართული საზოგადოებისთვის თუ გიკითხავთ, ენდობა თუ არა ორგანიზაცი NDI-ის გამოკითხვის შედეგებს? იქნებ ეს კითხვა კითხვარში შეიტანოთ და შედეგის შემდეგ ჩაატაროთ უკვე ის კვლევები, რომლებთანაც დღეს საზოგადოების 90 % კითხვები აქვს“, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
დეპუტატებისთვის ზოგადი პასუხების გაცემის შემდეგ, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა შეხვედრა მოუცლელობის გამო მაინც დატოვა, რაზეც საკრებულოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მოსმენის გაგრძელებას არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან მათ კითხვები სწორედ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ჰქონდათ. საკრებულოს დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
ორგანიზაციის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს ორგანიზაცია CRRC-საქართველო.