ფიქრია ჩიხრაძე: ეს იყო დიალოგისთვის გაკეთებული შეთავაზება

ცოტა უცნაური და გაუგებარია ის ფაქტი, რომ როდესაც დიალოგისკენ მოგიწოდებენ, რომელიც სიტუაციის დაცხრომისკენაა მიმართული, ხისტ პოზიციას იჭერ, – აღნიშნული განცხადება პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ მმართველი გუნდის მისამართით გააკეთა.
ფიქრია ჩიხრაძე იმედოვნებს, რომ დიალოგის თაობაზე პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი დღევანდელ სხდომაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
“ცოტა უცნაური და გაუგებარია ის ფაქტი, რომ როდესაც დიალოგისკენ მოგიწოდებენ, რომელიც სიტუაციის დაცხრომისკენაა მიმართული, ხისტ პოზიციას იჭერ. დიალოგი სწორედ ერთმანეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და იმას ნიშნავს, რომ მოქმედება იყოს კოორდინირებული. მე მომეჩვენა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ჰქონდათ ცოტა შეშფოთებული პოზიცია, მაგრამ რა იყო მათი შეშფოთების საგანი, მე კარგად ვერ მივხვდი. ეს არ იყო დაპირისპირებისთვის გაკეთებული შეთავაზება, პირიქით – ეს იყო დიალოგისთვის გაკეთებული”, – განუცხადა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონსულტაციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების პოზიციაზე კომენტირებისას. საქართველოს პრეზიდენტი დღეს საერთაშორისო არასამთავრო ორგანიზაცების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები