კვირიკაშვილი ქუმსიშვილის ანგარიშს აფასებს – სასიხარულოა, რომ უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს
მართლაც, ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს – ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ წარდგენილ სამინისტროს 3 წლის საქმიანობის ანგარიშს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დიმიტრი ქუმსიშვილმა უამრავი ახალი მიმართულება წარადგინა, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში შეიქმნა და გაკეთდა.
კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, პროგრამის “აწარმოე საქართველოში”, შედეგები.
“მართლაც, ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს, განსაკუთარებით მინდა აღვნიშნო პროგრამა: “აწარმოე საქართველოში”, მინდა აღვნიშნო ის სამუშაო ადგილები, რომელიც ამ პროგრამის საშუალებით შეიქმნა და ეს იყო პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც შევქმენით და ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება “საპარტნიორო ფონდთან” ერთად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშიდან, ციფრული მაუწყებლობის პროგრამა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელიც მომზადებულია და გასაშვებად თითქმის მზად არის, კაპიტალის ბაზრის განვითარების სამოქმედო გეგმა გამოყო, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.