თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა სოფო ასპანიძემ დეპუტატებს ადრეული ძუძუს კიბოს (I-III) მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინა. პროგრამის მიზანი თბილისში მცხოვრები ქალბატონებისთვის ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, სრულფასოვანი მკურნალობის სრული კურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების ოპტიმალურობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაა.
როგორც სოფო ასპანიძემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტისთვის მკურნალობის ტვირთი შემცირებულია, ვინაიდან ამ პროგრამის მეშვეობით ხდება ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, ქირურგიული ჩარევის და გარკვეული მედიკამენების ანაზღაურება, თუმცა, მისივე თქმით, ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის სრულფასოვანი მკურნალობა ქიმიოთერაპიასთან ერთად ჰერცეპტინის კომბინაციას მოიცავს, რაც 40-50% -ით ამცირებს რეციდივის რისკს, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ შემთხვევეში განკურნებასაც იწვევს. მოსახლეობის დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო სრულფასოვან მკურნალობას იტარებს პაციენტების მხოლოდ 5-10% . აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში აქცენტი გაკეთდა პრეპარატ „პრეცეპტინზე“, რომელიც კარგად ერევა აღნიშნულ დაავადებას და მისი დროულად გამოყენების შემთხვევაში არ ხდება მეტასტაზების გავრცელება ორგანიზმში. მომხსენებლის თქმით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ანალოგი არ აქვს და მისი მოხმარების ერთწლიანი კურსი წარმოადგენს განკურნების საუკეთესო შანსს.
კომისიის წევრებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები