ილია ჯიშკარიანმა ისნის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „თბილისელების“ თავმჯდომარის მოადგილე ილია ჯიშკარიანი საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან, თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი ახვლედიანთან და ფრაქციის წევრებთან- სამგორის რაიონისა და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ლია ჯახველაძესა და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად მესხეთისა და მერვე შესახვევის მოსახლეობას შეხვდა და ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატის განცხადებით, რაიონში არსებული პრობლემების ნაწილი, რომელიც ხუთ ძირითადად სფეროს მოიცავს, კერძოდ, დასაქმებას, ავარიული სახლების რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, უკვე გადაჭრილია.
მისივე თქმით, უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისა და საქმიანობის კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, დეპუტატი ისნის რაიონის გამგეობასთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
“დღეს ჩვენ მესხეთისა და მერვე შესახვევს შორის არსებული ხევის მოსახლეობას შევხვდით და არსებული პრობლემები განვიხილეთ. კერძოდ, ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებისა და გადაადგილების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და ასფალტის საფარი. ამასთან, რაიონში არსებობს სხვადასხვა საკითხებიც, რომელთა მოგვარებისთვის კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’’ ჩართულობაა აუცილებელი’’,-განაცხადა ილია ჯიშკარიანმა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, შეძლებისდაგვარად, იქნება გათვალისწინებული.
რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემაც ისაუბრა. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციის საფუძველზე შეეცდება, რაც შეიძლება გონივრულ ვადებში გადაიჭრას მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად გამოკვეთილი ყველა პრობლემა. შეხვედრაზე დეპუტატებმა ადგილობრივი მოსახლეობის წინადადებები და შენიშვნები, ასევე უკვე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მათი აზრი მოისმინეს და კონკრეტული მიზნები დასახეს. შეხვედრას საკრებულოს წევრების გარდა, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და ამავე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები