ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრების პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე დარახველიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, შეასრულოს მედიატორის როლი, ასოციაციები დასხდნენ გვერდიგვერდ და განიხილონ მათი პროფესიული კომპეტენციები, რათა მიაღწიონ კონსესუსს და შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები არსებულ ნორმატიულ აქტში.
ფსიქიატრები იმ ბრძანების გადახედვას მოითხოვენ, რომლითაც საექიმო სპეციალობათა, მათ შორის ნევროლოგთა პროფესიული კომპეტენციები განისაზღვრა. ფსიქიატრები პეტიციის მომზადებასაც გეგმავენ, რომლის ავტორი ოთხი ორგანიზაციაა: “საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება”, “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი”, “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია”, “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია”.
მარინა დარახველიძის თქმით, ინფორმაცია პროფესიული კომპეტენციების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში სამინისტროს ვებგვერდზე იყო განთავსებული და ყველა ასოციაციას, მათ შორის ფსიქიატრებსაც საშუალება ჰქონდათ, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ ცვლილებების შესახებ. ამ დროის განმავლობაში ფსიქიატრთა ასოციაციის მხრიდან არცერთი შენიშვნა სამინისტროს არ მიუღია. მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა მათი პრეტენზიების შესახებ, სამინისტროს წარმომადგენლები ორივე ასოციაციას შეხვდნენ და მოისმინა მათი მოსაზრებები. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და მოლაპარაკებები ფსიქიატრთა და ნევროლოგთა ასოციაციებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები