ელისო ჩაფიძე პრეზიდენტს “კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლაში” ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პრეზიდენტისა და პრემიერის გუშინდელ განცხადებებს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. დეპუტატმა პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში დაძაბულობაა, გაიზიარა, თუმცა მარგველაშვილი სასამართლოს კონტექსტში გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, პირდაპირ მოწოდება სასამართლოს მიმართ: როდის, რა ვადებში რა ტიპის გადაწყვეტილება მიიღონ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლაა. დეპუტატმა პრეზიდენტს არც პრემიერის განცხადების შეფასება მოუწონა და მარგველაშვილს რადიკალური განცხადებებისგან თავის შეკავება სთხოვა.
„მე ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ გარკვეული დაძაბულობა საზოგადოებაში შეიმჩნევა. მე მინდა მივმართო როგორც ჩვენს მომხრეებს, ისევე ოპონენტებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციისგან. დაძაბული ვითარებაა, როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება და არ იქნება სწორი, რომ მოვლენების დრამატულად განვითარებას შევუწყოთ ხელი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, თითქოს პრემიერი უწყობს ხელს ასეთი ვითარების ესკალაციას, მე ვთხოვ მას, ასეთი რადიკალური გამოთქმებისგან თავი შეიკავოს.
პრემიერის მიმართ პრეზიდენტისგან ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა სწორად არ მიმაჩნია. ასევე არ მიმაჩნია სწორად სასამართლოსთვის მითითება, თუ როგორ და რა ვადებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. „რუსთავი 2“- ის და ქიბარ ხალვაშის საქმე პროცედურულად ძალიან რთული საქმეა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ისედაც არ უნდა ველოდოთ და ასე პირდაპირ მოწოდება სასამართლოს მიმართ, როდის, რა ვადებში რა ტიპის გადაწყვეტილება მიიღონ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლაა“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
დეპუტატმა პრემიერის განცხადება შეაფასა. პრემიერის განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ „ნაციონალები“ ღირსნი არიან იმისა, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული“. დეპუტატის შეფასებით, ეს არა ძალადობისკენ მოწოდება, არამედ პრემიერის მოსაზრება იყო. „ეს მისი მოსაზრებაა და არა მოწოდება. ამაში დიდი განსხვავებაა. ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ის განსაკუთრებით პოლიტიკური განცხადებების დროს აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები