განათლების სამინისტრო ორიგინალურ სლოგანზე კონკურსს აცხადებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორიგინალურ სლოგანზე კონკურსს აცხადებს და გამარჯვებულს ფულადი პრიზით, 500 ლარით დააჯილდოვებს. აღნიშნული კონკურსი 10-17 ნოემბერს დაგეგმილ „მეცნიერების კვირეულთან“ დაკავშირებით გამოცხადდა. სამინისტროს ინფორმაციით, სლოგანი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ აღემატებოდეს ხუთ სიტყვას. ამასთან, სხარტი, მარტივი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული. მისი შინაარსი მოიცავდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.
სლოგანის შეფასების კრიტერიუმებია: თემასთან შესაბამისობა, აზრის ლაკონურად და ორიგინალურად გადმოცემის უნარი და ტექსტის გრამატიკული და შინაარსობრივი სისწორე (პლაგიატის შემთხვევაში სლოგანი არ განიხილება). რაც შეეხება კონკურსის ვადას, ამისთვის განკუთვნილი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან 4 სამუშაო დღე.
„მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა გამოფენა და კონფერენცია მოეწყობა. კვირეულის მიზანს ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება, მეცნიერების პრესტიჟის გაზრდა და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს.