ალექსი ახვლედიანი: 24 აგვისტოს შემდეგ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვყოფილვარ

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს შეხვდა, ამის შემდეგ კი როგორც ახვლედიანი აცხადებს, ის არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა.
“რაც შეეხება სამთავრობო მესიჯებს, ზუსტად შემიძლია დაგისახელოთ დღე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. 24 აგვისტოს შევხვდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სადაც გადავუხადე მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც მან გამოიჩინა, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება ფესტივალის ჩატარებაზე. ასევე მან გადამიხადა მადლობა როგორც მე, ისევე მთელს ჩემს კოლექტივს. ჩვენ დავემშვიდობეთ. ამის შემდგომ არამც თუ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვყოფილვარ”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ დასახელებულ 2013 წლის ბოლოს გამართულ შეხვედრას, ალექსი ახვლედიანი აღნიშნულ შეხვედრას ვერ იხსენებს.
“ეს მე პირველად გავიგე, თან ნიკა ბრძანებს, რომ არსებობს ჩანაწერები. მე ამ შეხვედრას ვერ ვიხსენებ და დარწმუნებული ვარ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ალექსი ახვლედიანი ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები