ირაკლი სესიაშვილი: ძალადობის კადრების საჯაროდ ჩვენება აბსოლუტურად მიუღებელია
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებაში იმ პირთა კვალს ხედავს, რომლებმაც აღნიშნული ჩანაწერები თავის დროზე გააკეთეს.
როგორც სესიაშვილმა განაცხადა, ძალიან მარტივი და ლოგიკურია, რომ თუ ასეთი კადრები გამოჩნდება, ამას ყოველთვის ხელისუფლებას დააბრალებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოლიტიკურად ვინმესთვის მომგებიანი ყოფილიყო, ჩვენ მივიღეთ ის ნორმა, რომელიც ასეთი კადრების გაშვებას კრძალავს, რადგან, პირველ რიგში, გვინდა, საზოგადოება დავიცვათ. ამასთან, ძალიან მარტივი და ლოგიკურია, რომ თუ ასეთი კადრები გამოჩნდება, ამას ყოველთვის ხელისუფლებას დააბრალებენ. ამიტომ ის ძალები, რომლებიც თავის დროზე ამ კადრებს იღებდნენ, ფლობდნენ და ავრცელებდნენ, პოლიტიკური მიზნებისთვის მათაც შეუძლიათ, ეს კადრები გაავრცელონ და გამოიყენონ მაშინ, როცა მათ უნდათ, ხოლო ხელი ხელისუფლებისკენ გაიშვირონ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და დასძინა, რომ ძალადობის კადრების საჯაროდ ჩვენება აბსოლუტურად მიუღებელია.