ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლესთან ფატუ ბენსუდასთან, რომელიც გეგმავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას.
ე.წ. პროკურატურის მზადყოფნის შესახებ ცხინვალში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გენპროკურორმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა. ჩიგოევი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ამ გამოძიებას მთელი პასუხისმგებლობით და მიუკერძოებლად მიუდგება.
ჩიგოევისთვის მიუღებელია ფატუ ბენსუდას განცხადება იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 8 ათასამდე ქართველი იყო გამოძევებული.
„ქართული მოსახლეობა განდევნილი კი არ იყო, არამედ ის საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო აგრესიის წინ მიზანმიმართულად გაიყვანა“, – განაცხადა ჩიგოევმა.
მერაბ ჩიგოევი ამბობს, რომ ორი კვირის წინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ განაახლა ამ მოვლენების გამოძიება. მისი თქმით, ამჟამად ე.წ. პროკურატურა მტკიცებულებების სისტემატიზებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები