თეა წულუკიანი გვარამიას მოუწოდებს, პროკურატურის სამუშაო მაგიდაზე ყველა გვარი დადოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მოუწოდებს, რომ პროკურატურის სამუშაო მაგიდაზე დადოს ყველა გვარი და სახელი, ყველა მუქარის დამადასტურებელი ფაქტი, რათა გამოძიებამ წინ წაწევა შეძლოს.
როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა განუცხადა, ნიკა გვარამიას განცხადებაზე შანტაჟთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ მედიასაშუალებებით გააკეთა, გამოძიება უკვე დაწყებულია.
“ბატონი გვარამია უნდა მოსულიყო პროკურატურაში დაკითხვაზე. მინდა მას მოვუწოდო, რომ პროკურატურის სამუშაო მაგიდაზე დადოს ყველა გვარი და სახელი, ყველა ფაქტი, მუქარის დამადასტურებელი, რათა გამოძიებამ შეძლოს წინ წაიწიოს და იყოს პროგრესი”, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ თუ გვარამიას გუშინდელი განცხადება უბრალოდ განცხადებებია, დასანანია.
“თუ ეს უბრალოდ განცხადებებია, ეს დასანანია. თუ ამ განცხადების უკან ის შეძლებს, რომ მტკიცებულებები მისცეს პროკურატურას, ეს, ერთი მხრივ, იქნება შემაშფოთებელი როგორც ფაქტი, მაგრამ, მეორე მხრივ, იქნება ძალიან კარგი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გამოძიებამ შეძლოს ამ ქვეყანაში აჩვენოს, რომ როდესაც ჟურნალისტი აცხადებს ზეწოლაზე, ამ ჟურნალისტს აქვს ფაქტები და ვინც უნდა დაისაჯოს, დაისჯება, მე ამის დიდი იმედი მაქვს და ამიტომაც ბატონი ნიკა თუ დადებს მტკიცებულებებს, ვინ დაემუქრა, როდის, როგორ, რა იყო მუქარის შინაარსი, ეს წაადგება გამოძიებას, მე ამისკენ მოვუწოდებ მას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები