„თუ გვარამია კონკრეტულ პიროვნებას დაასახელებს, ეს საგანგაშო მოვლენა იქნება“
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას გუშინვე რომ დაესახელებინა იმ პიროვნების ვინაობა, ვინც ინფორმაცია მიაწოდა, მის ნათქვამს უფრო მაღალი დამაჯერებლობა ექნებოდა.
არეშიძის თქმით, თუ პროკურატურაში გვარამია იმ პიროვნების ვინაობას დაასახელებს, ეს საგანგაშო მოვლენა იქნება, რასაც ხელისუფლების და პროკურატურის მხრიდან სერიოზული რეაგირება დასჭირდება.
„თუ პროკურატურაში გვარამია კონკრეტულ პიროვნებას დაასახელებს და ის ტექსტი სრულიად შეესაბამება სიმართლეს, რაც ნიკა გვარამიამ თქვა, ეს არის საგანგაშო მოვლენა, რასაც სჭირდება სერიოზული რეაგირება ხელისუფლების და პროკურატურის მხრიდან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთგვარ პროვოკაციასაც ჰქონდეს ადგილი. პრვოკაციაში ვგულისხმობ იმას, რომ ის პიროვნება ავტონომიურად მოქმედებს – მე არაერთხელ მითქვამს, რომ ხელისუფლებაში სერიოზული მე-5 კოლონაა, რომელიც თავისი მიზნების რეალიზაციას ახდენს, ან მუშაობს ყოფილ ხელისუფლებაზე, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ თვითონ გვარამია ამუქებს ფერებს, ამძიმებს სიტუაციას ზუსტად იმისთვის, რომ პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს“, – განაცხადა არეშიძემ.
„რუსთავი 2“-ის დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 22 ოქტომბერს, სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, მას დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშრდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.