სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტზე: პირადმა ამბიციამ როგორ უნდა დაგაბრმავოს, რომ „ნაცების“ ატეხილ სამოქალაქო დაპირისპირების სცენარს ლეგიტიმაცია მისცე?!
პარტია „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს.
როგორც ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტის განცხადება ყველა ზომიერების ნორმას გადაცდა.
“ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას… ასეთი განცხადება სწორედაც იმას უწყობს ხელს, რასაც, ვითომცდა, პრევენციას უკეთებს… „ნაცების“ პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს… მთავრობას რომ ბევრი ნაკლი აქვს, ფაქტია, მაგრამ ეს იმის საფუძველი ვერ იქნება, რომ „ნაცების“ სტრატეგიას მხარი აუბა! პირადმა ამბიციამ და ქიშპობამ როგორ უნდა დაგაბრმავოს იმ დონეზე, რომ „ნაცების“ ატეხილი სამოქალაქო დაპირისპირების სცენარი პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გააჟღერო და ლეგიტიმაცია მისცე”, – წერს ზურაბიშვილი.