„კადრებში იყო კონკრეტული ადამიანების მიმართ შანტაჟი და მუქარა – როგორ შეიძლებოდა ამის განადგურება?!“

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში წამების ამსახველი კადრები არ ყოფილა იმ ფაილში , რომელზეც თავის დროზე უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი კომისია მსჯელობდა.
როგორც კახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო დღეებში გავრცელებულ კადრებზე თავის დროზე გამოძიება დაიწყო და რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც მიეცა.
„თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი ნებისმიერი კადრის განადგურების, რომელიც ლახავდა ადამიანის ძირითად უფლებას, იმიტომ რომ ამ კადრებში იყო კონკრეტული ადამიანების მიმართ შანტაჟი და მუქარა – როგორ შეიძლებოდა ამის განადგურება?! ეს რაც შეეხებოდა კონკრეტულად იმ კადრებს. რაც შეეხება ამ კადრებს, რომელიც ვრცელდება, ეს არ იყო იმ ფაილებში, რომელზეც კომისია მსჯელობდა, ეს იყო ცალკე ამოღებული ფაილები, რომელზეც დაიწყო გამოძიება და რომელზეც რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიეცა. ეს მასალები ასევე ჰქონდათ როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარესაც. როცა ხდება ფარული ჩანაწერები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ჩემი, როგორც იურისტის აზრია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მინიმუმ იმ მიზნით, ჰქონდა თუ არა შანტაჟსა და მუქარას ადგილი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კახა კახიშვილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები