ნინო გვენეტაძე: „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, გამოძიების პრეროგატივაა ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების წარმართვა. გვენეტაძის თქმით, მას ამ საკითხებში ჩარევის პრეროგატივა არ გააჩნია.
„ამ საკითხებზე პროკურატურამ მიმართა „რუსთავი 2“-ის დირექტორს და უკვე პროკურატურისა და გამოძიების პროცედურებით იქნება ყველაფერი გადაწყვეტილი. მე არავითარი კომპეტენცია არ მაქვს ამ საკითხებში ჩარევის, ამდენად, გამოძიების სრული პრეროგატივაა, გაარკვიოს ყველაფერი და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, აცნობოს საზოგადოებას ამის შესახებ“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესები ღია და გამჭვირვალეა.
„სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე შემიძლია ღიად ვთქვა, რომ პროცესი იყო ღია, გამჭირვალე. ბუნებრივია, ეს იყო მაქსიმალური მაღალი ინტერესის სფეროში საზოგადოების მხრიდან და არსებობდნენ გარკვეული არასასურველი პრეცედენტები. ეს არის პროცესის მონაწილეთა ზედმეტი აქტიურობა ხშირ შემთხვევაში, თუმცა მათ ამის უფლებამოსილება გააჩნიათ, რაც პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას ხშირად უშლიდა ხელს. მოსამართლე მართავს ორგანიზაციულად პროცესს და მას აქვს უფლება, პროცესის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა გვენეტაძემ.