თინათინ ხიდაშელი პრეზიდენტის განცხადებაზე: ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება

ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
“საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. როდესაც იწყებ საუბარს იმაზე, რომ დიალოგს იწყებს კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს. სანამ ვინმეს მიუთითებ, რომ ვინმე რამეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა”, – განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს მოუწოდებს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება.
“ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები