კახა კალაძე: ჩვენ ძალადობას 2012 წელს ვუთხარით – არა!
ეს ჩავაბარეთ წარსულს და, დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს ის მდგომარეობა, ის ქმედებები, რაც ხდებოდა საქართველოში, აღარ განმეორდება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, მედიით გავრცელებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრებს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული წამების კადრები ამაზრზენია და კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფნის პერიოდში მსგავსი არასდროს განმეორდება.
“რაც შეეხებათ კადრებს, პრემიერმა, უბრალოდ, შეფასება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. მე ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე. ძალიან ამაზრზენია ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში. ჩვენ – ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი. ჩვენ – ყველამ ერთად 2012 წელს ამაზე ვთქვით – არა! ეს ჩავაბარეთ წარსულს და, დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს ის მდგომარეობა, ის ქმედებები, რაც ხდებოდა საქართველოში, არასდროს აღარ განმეორდება და არ დაბრუნდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.