კახა კახიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სიტუაციის ესკალაციას ემსახურებოდა

ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი დღევანდელი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას – ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას. კახიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა, უსაფუძვლოა.
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მისი დღევანდელი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას, როცა საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას პრობლემები ექმნება, ამის საფუძვლები უნდა ჰქონდეს. ამავდროულად, როცა პრეზიდენტი მოუწოდებს მოსამართლეს – არ გამოიყენოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ზეწოლა სასამართლოზე?! მე მაინტერესებს, კონკრეტულად აქვს თუ არა პრეზიდენტს (და, რა თქმა უნდა, არ აქვს არავის) სასამართლოში ჩარევის უფლება.
პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. როგორ შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილება იყოს ხისტი ან ნაჩქარევი, როდესაც უნდა იყოს დასაბუთებული. თუ არ იქნება დასაბუთებული, მაშინ მხარეს აქვს გასაჩივრების უფლება. მე ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟს – “ქვეყნის უსაფრთხოებას სტაბილურობას, კონსტიტუციას საფრთხე ექმნება და პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს ვიწყებ“, – ამას გარკვეული საფუძვლები უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ საფუძლები არსებობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კახიშვილმა მთავრობის სხოდმის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “რუსთავი 2“-ის საკითხთან საკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა.
გიორგი მარგველაშვილი “რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს მოუწოდებს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები