რა პრობლემები აქვთ საგარეჯოელებს და რატომ სჯერა ხიდაშელს, რომ ის კახელი ამომრჩევლის რჩეული გახდება
„ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოელების რჩეული გახდება. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მას ოპტიმიზმის საფუძველს საგარეჯოელებთან შეხვედრები აძლევს. ამასთან, მისი თქმით, საგარეჯოს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებითი ორიენტირები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.
მმართველი გუნდის წევრმა მოლოდინებთან ერთად საგარეჯოელების პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები სოფლებისა და თემების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ყველაზე მეტად სოციალური პრობლემები გამოიკვეთა. მისი თქმით, გამოიკვეთა ასევე ის საკითხები, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა, ესაა წყალი, გაზი, სოფლის შიდა გზები და ასე შემდეგ. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, ხიდაშელის განცხადებით, კამპანია სამართლიან გარემოში მიმდინარეობს.
„ყველა ოპონენტს აქვს საშუალება, თავისუფლად აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა არის გარკვეული ხარვეზებიც, მაგალითად, ხშირად ჩემი პლაკატები ჩამოხეული მხვდება. საგარეჯო რთული რაიონია, ის რამდენიმე არაერთგვაროვანი ზონისგან შედგება, ერთია იორმუღალოს ზონა, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელებისგან შედგება, მეორეა ქართული სოფლები და მესამეა გომბორის ზონა, რომელიც მაღალმთიანია და მათ ძალიან სპეციფიკური პრობლემები აქვთ.
გომბორის ზონაში ძალიან აწუხებთ ის, რომ ეს ნაწილი არ არის გაზიფიცირებული და სახელმწიფოს ამ მიმართულებით დახმარებას სთხოვენ, ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ ამ ზონას მთის სტატუსი მიენიჭოს და იმ შეღავათებით სარგებლობა შეეძლოთ, რომელიც ახალ ამოქმედებულ კანონშია გათვალისწინებული. ქართული სოფლების ნაწილში ძირითადი პრობლემაა წყალი, ამ მიმართულებით გარკვეული პროგრამები უკვე დაგეგმილია. დღეს ჩემი საარჩევნო შტაბის ინიციატივით ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, სადაც ჩვენ მოწვეული გვყავს საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ მათთან იმ ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც საგარეჯოს აქვს. ჩემი შეხვედრები მოსახლეობასთან მაძლევს ოპტიმიზმის და იმის ფიქრის საფუძველს, რომ მე 31 ოქტომბერს საგარეჯოს არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებ“,- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.