პრეზიდენტის საგანგებო განცხადება “რუსთავი 2“-ის საქმეზე – რას აპირებს გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა.
მარგველაშვილი “რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს მოუწოდებს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება.
“ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები