„ჩვენ რომ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება“

ჩვენ რომ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებებისას განაცხადა. პრემიერი “რუსთავი 2“-ის საქმეში მთავრობის ჩართულობას გამორიცხავს.
“ეს არ არის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ჩვენ არ ვართ ჩართული “რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ პროცესებში. ჩვენ რომ ასეთი, ანუ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, ამდენი დრო არ დაგვჭირდებოდა და გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება – საუბრის, გამოხატვის და ა.შ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ დააფასონ ის დემოკრატიული სივრცე და გარემო, რომელიც ჩვენ შევქმენით და უზრუნველყავით ყველასთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ შეხედულებისა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა მთავრობის წევრებს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისა და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების დავალება მისცა.
“ჩვენ დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს იგივე “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, საზოგადოებას ნუ შევიყვანთ შეცდომაში და ნუ დავაბნევთ არასწორი აქცენტების გაკეთებით. ამაში მთავრობის როლიც განსაკუთრებელია – მინისტრებს გაქვთ ყველანაირი უნარი, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, დღეს მედიასივრცე გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით. ჩვენი როლი აქ არის გამოკვეთილი და ჩვენ პროაქტიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია”, – მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები