თამაზ ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა.
ურთმელიძის განცხადებით, გვარამიამ მოსამართლეს უვიცი უწოდა და შოუ დადგა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი მისი დასწრება, მისი მხრიდან გრძელდება სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფა.
“გვარამია ვერ შემოვა სხდომაზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და შეგიძლიათ გაასაჩივროთ”, – განაცხადა ურთმელიძემ.
ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას სასამართლო დარბაზში აჩვენეს “რუსთავი 2”-ის დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელი სატელევიზიო განცხადება. სასამართლომ დაუშვა დისკი, სადაც აღნიშნულია ჩაწერილი. დისკის დაშვების შუამდგომლობას არც ქიბარ ხალვაშის მხარე შეეწინააღმდეგა. ასევე აჩვენეს ტელეკომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლის მისვლის ამსახველი მასალა, სადაც იგი გვარამიას პროკურატურაში იბარებს.
წარდგენილი მასალის საფუძველზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გვარამიას, რომელიც წინა პროცესიდან გააძევეს, მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება. ასევე იურისტებმა მოსამართლეს განუმარტეს, რომ “რუსთავი 2”-ის დირექტორზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. ქიბარ ხალვაშის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ გვარამიას 2 ადვოკატი იცავს და მისი დასწრების აუცილებლობა არ არსებობს.
მანამდე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს სასამართლო სხდომის ოფისში სიგნალის მეშვეობით ჩაწერის უფლება არ მისცა. სასამართლოში ტელეკომპანიამ წარადგინა განცხადება, რომ მოხდეს სპეციალური სიგნალით პროცესის ტელეკომპანიაში ჩაწერა, რომელიც არ გავა პირდაპირ ეთერში. თამაზ ურთმელიძის თქმით კი, ამ უფლებას ვერ მისცემს ტელეკომპანიის ოპერატორს, რადგან წინა სხდომაზე დაუშვა ეს უფლება და მოხდა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები