„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ წესრიგი, კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს პროტესტის გამოხატვა“
რა თქმა უნდა, საზოგადოება აღშფოთებული და შოკირებულია იმ ვიდეობით, რაც ნახა, ეს ძალიან კარგად მესმის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან ბოლო დღეებში გამართული აქციების თაობაზე განაცხადა. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად საზოგადოების “ბუნებრივი რეაქციისა”, აუცილებელია, რომ წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
“რა თქმა უნდა, საზოგადოება აღშფოთებული და შოკირებულია იმ ვიდეობით, რაც ნახა. ეს ძალიან კარგად მესმის. ყოველ დღე მიდის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე აგრესიის მიტანა. ეს რეაქცია ჩემთვის გასაგები და ბუნებრივია. ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა ასეთი რეაქცია ამ კადრების ნახვის შემდეგ, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ წესრიგი, კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს პროტესტის გამოხატვა და რეაქცია არ უნდა გადავიდეს მის მიღმა. ეს მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მეორე მხრივ, მთვარობის მეთაურის აზრით, დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლებაც. “ამით არ ვახალისებ ძალადობას, თუმცა, მე არ მაქვს უფლება, ავუკრძალო ადამიანებს, გამოხატონ თავიანთი აზრი”, – აღნიშნა პრემიერმა.