პრემიერი „ნაციონალებზე“: მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ამ ვიდეოებში ხდება
მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ამ ვიდეოებში ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ბოლო შანსი აქვს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისთვის ცნობილია, რომ სასამართლოსთან დღეს პროვოკაცია იგეგმება. მისი თქმით, სასამართლოსთან თითქოს “რუსთავი 2”-ის, რეალურად კი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას.
“მე მითხრეს, რომ თითქოს “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები, რეალურად კი “ნაციონალური მოძრაობა”, სადისტების მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციებს. ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რაც ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო დღეს არის იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე იყო 3 წლის წინ.
“ნურავის ექნება იმის განცდა, რომ ასეთ სადისტებს, არაადამიანებს, რომლებიც ალბათ 50-100 კაცია დარჩენილი (სხვათა შორის, მაინტერესებს რამდენია ასეთი, გამოვიდნენ და ვნახოთ) მათ სახელმწიფო რაიმე უკანონობის ჩადენის უფლებას მისცემს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.