პრემიერი: ნიკა გვარამიას თუ ვინმე რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია, ჩვენც ვიცოდეთ

ნიკა გვარამიას თუ ვინმე რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია, ჩვენც ვიცოდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას გუშინ ჰქონდა საუბარი მთავარ პროურორთან.
“მე გუშინვე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და ვიცი, რომ გუშინვე დაიწყეს ამ საქმის შესწავლა და ძიება. ეს ერთი შეხედვით ჰგავს პროვოკაციას, თუმცა რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ ეს საქმე, ბოლომდე გამოიძიონ. ამ ადამიანს თუ ვინმე რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია ჩვენც ვიცოდეთ, თუმცა მე ვერ შევატყვე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაიმე დასამალი აქვს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გუშინ, ტელევიზიის შენობაში შეხვდა ადამიანს, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები მიაწოდა. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე გაიგო, რომ სასამართლო “რუსთავი 2”-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს.
“მითხრეს შემდეგი – არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებილი ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები