იუსტიციის სამინისტროში ნინო ქამუშაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს მე-9 სართულის მისაღები, სადაც მინისტრ თეა წულუკიანისა და პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის სამუშაო ოთახებია განლაგებული, ნინო ქამუშაძის ნამუშევრების გამოფენას დაეთმო. იუსტიციის სამინისტრომ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ქართველი ხელოვანების პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა, ნინო ქამუშაძეს უმასპინძლა. დროებით საექსპოზიციო დარბაზში 12 ნამუშევარი გამოიფინა. ნინო ჯვარედინი ქარგვის ტექნიკით ცნობილი ტილოების ნაქარგ ასლებს ქმნის. ის იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელია.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მისი სამუშაო ოთახის მისაღები თანამედროვე ქართველ ხელოვანებს საექსპოზიციოდ დაეთმო. ყველა უცხოელ თუ ქართველ სტუმარს, ვინც კი მინისტრსა და მის მოადგილეს ხვდება, ქართველ ხელოვანთა შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა. მინისტრი და მისი პირველი მოადგილე თვლიან, რომ მათი მისაღების დროებით „საგამოფენო დარბაზად“ ქცევა ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაციას. სწორედ ამის გამო მათ ისეთი არატრადიციული სივრცე შესთავაზეს, როგორიც იუსტიციის მინისტრის მისაღებია. ექსპოზიცია თვეში ერთხელ იცვლება. იუსტიციის სამინისტრომ დღემდე 10 ხელოვანს უმასპინძლა.