კახა კახიშვილი CPT-ის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივანს იერუნ სხოკენბრუკს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.
სწორედ ამ მიზნით დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებში, გაუმჯობესდა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა, აღმოიხვრა წამებასა და არადამიანურ მოპყრობაზე დაფუძნებული სისტემა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა.
კახა კახიშვილმა წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივანთან, იერუნ სხოკენბრუკთან შეხვედრისას, ასევე, ისაუბრა იმ დასკვნის შესახებ, რომელიც CPT-მ გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლის შემდეგ მოამზადა. „უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებთან. 20014 წლის ბოლოს CPT-მ შეამოწმა საქართველოს ციხეებში არსებული ვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ CPT-ის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, იმ პოზიტივსა და ნეგატივზე, რომელიც ასახულია აღნიშნულ დოკუმენტში. ასევე, საუბარი შეეხო აღნიშნული დასკვნის გასაჯაროების მექანიზმებს. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში CPT-ის დასკვნის შესახებ ჩვენს კომენტარებს გავუგზავნით და ვთხოვთ როგორც კომენტარების, ისე დასკვნის გასაჯაროებას,“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ასევე, შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დირექტორს ქრისტოს გიაკომპულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები