საქართველოში, ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის შტაბში კონფერენცია მიმდინარეობს
საქართველოში ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის შტაბის ოფიცრების გეგმური სამუშაო კონფერენცია მიმდინარეობს. მსგავსი შეხვედრა ნატოს არაწევრ ქვეყანაში პირველად იმართება. კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ვლდიმირ ლალოვმა საქართველოში ვიზიტი და სამუშაო გარემო დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გახსნა და სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მსგავს კონფერენციებზე კომიტეტის წევრები სარეზერვო სისტემებში მიმდინარე სიახლეების შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებენ. ეს ქართულ მხარისთვის კარგი შესაძლებლობაა შეისწავლოს და გაიზიაროს ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილება. კომიტეტში საქართველოს J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძე წარმოადგენს.
2013 წლიდან საქართველოს დელეგაცია კომიტეტის ყველა შეხვედრას ესწრება და სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ქართულმა მხარემ კომიტეტს საექსპერტო ანალიზისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ახალი მოდელის შესახებ კონცეფციის პროექტი გაუგზავნა და საბოლოო სამუშაო ვერსიის ჩამოყალიბებისთვის კომიტეტის რჩევები მიიღო. ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის შტაბის ოფიცრების ვიზიტის მიზანი გაფართოებული შეხვედრისთვის მზადებაა. კომიტეტის შეხვედრა ბრიუსელში მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი. ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტი წელიწადში ორჯერ სრული შემადგენლობით იკრიბება. ნატოს სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველო კომიტეტს დამკვირვებელი წევრის სტატუსით 2013 წლის ნოემბრიდან შეუერთდა. სხვა დამკვირვებელ ქვეყნებს შორის არიან: ავსტრალია, ავსტრია, შვედეთი და სამხრეთ კორეა.